News05/02/2012

05/02/12 18:00

რიბერის ოცნება

მიუნხენის ~ბაიერნის~ ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ ამ სეზონში მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ~ჩემპიონთა ლიგის მოგება პირადად ჩემი და მთელი გუნდის ოცნებაა. თუ წელს გავიმარჯვეთ, ეს საოცრება იქნება. რაც შეეხება გერმანიის ჩემპიონატს, ახლა ბუნდესლიგის მოგების შანსი ოთხ გუნდს აქვს. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. წესით, ბუნდესლიგა უნდა მოვიგოთ. არჩევანის წინაშე თუ აღმოვჩნდები, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება მირჩევნია~, - ამბობს რიბერი.

Source:

05/02/12 17:00

~სამეფო გუნდის~ პრობლემები

პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში ~სარაგოსასთან~ მოგებულ საშინაო შეხვედრაში ~რეალის~ ერთბაშად ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა, მარსელმა და ხაბი ალონსომ მიიღეს ტრავმა. ბასკი ნახევარმცველი ლასანა დიარათი შეცვალეს, მარსელოს დაშავების მომენტში კი ჟოზე მურინიოს სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა და შესაბამისად, ფეხმტკივანმა ბრაზილიელმა მცველმა მატჩი დიდი გაჭირვებით ჩაამთავრა. მოგვიანებით ჩატარებულმა დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევამ ცხადჰყო, რომ სერიოზული და საგანგაშო არც ერთს არაფერი სჭირს, მაგრამ რისკის თავიდან ასაცილებლად ექიმები მურინიოს ~ხეტაფესთან~ მატჩში ორივეს დასვენებისკენ მოუწოდებენ. არადა, ალონსომ მიმდინარე პრიმერადივიზიონში მხოლოდ ~ხიხონთან~ შეხვედრა გამოტოვა და ისიც იმიტომ, რომ ყვითელი ბარათების ლიმიტი ჰქონდა ამოწურული. მარსელოს პოზიციაზე მაუ თავის ფავორიტ შეგირდს, თანამემამულე ფაბიო კოენტრაოს რომ დააყენებს, ამაში ექსპერტებს ეჭვი ნაკლებად ეპარებათ. ალონსოს შემცვლელზე კი დიდი დავიდარაბაა ატეხილი. მურინიო სინანულით აცხადებს, ხაბის მხოლოდ ერთი შემცვლელიღა მყავს დარჩენილი და ის ნური შაჰინიაო. როცა მედიელებმა ~განსაკუთრებულს~ ესტებან გრანეროს არსებობს შეასხენეს, მან მოკლედ მოჭრა, ~ელ პირატე~ უფრო ფლეიმეიქერია, ვიდრე საყრდენი ნახევარმცველი, თუმცა შაჰინი ოპტიმალური ფიზიკური კონდიციებისგან იმდენად შორსაა, არაა გამორიცხული, მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლა ~ხეტაფესთან~ მართლაც გრანეროს დავავალოო.

Source:

05/02/12 16:00

მორიგი ალან შირერი

ცნობილია, რომ არსენ ვენგერი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენის ნამდვილი სპეციალისტია. მის ხელში ბევრ, უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს გაუვლია და სწორედ ასეთ გზას უწინასწარმეტყველებენ ალექს ოქსლეიდ-ჩამბერლენს. სხვათა შორის, თავად ფრანგი მწვრთნელი არასოდეს საუბრობს ხოლმე ფეხბურთელებზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჩამბერლენის ტალანტითა და მონაცემებით უაღრესად მოხიბლულია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა: ~ალექსი უნიჭიერესი სპორტსმენია. მას აქვს ყველანაირი რესურსი საიმისოდ, რომ გახდეს წარმატებული და ძალიან დაფასებული ფეხბურთელი. რაც ყველაზე მთავარია, კარგი პიროვნებაა და ვიცი, რომ თავში არასოდეს აუვარდება, მით უმეტეს, ახალგაზრდულ ასაკში. ახლა მისთვის მთავარია ბევრი ვარჯიში და რაც შეიძლება ცოტა კონტაქტი პრესასთან. ვფიქრობ, ის საუკეთესოა ბოლო წლებში ჩემს მიერ აღმოჩენილ ახალგაზრდებს შორის. ინგლისის ნაკრებს ჩამბერლენის სახით მორიგი ალან შირერი ეზრდება~.

Source:

05/02/12 15:00

მაკლიშს ვან პერსი შემოელანძღა

საოცრად გაცეცხლებულმა დატოვა ალექს მაკლიშმა ~ემირეით სთედიუმი~ ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში ~არსენალთან~ წაგების შემდეგ. ~ასტონ ვილას~ მენეჯერი მხოლოდ მარცხს არ გაუბრაზებია. მისი აღშფოთების მიზეზი რობინ ვან პერსის უხეშობა გახლდათ. მატჩის გმირმა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის წარმატება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, ერთ-ერთ ეპიზოდში მოედნიდან გასაგდები იყო. მან გამეტებით ჩაარტყა იდაყვი კარლოს კუელაარს, ეს კი წითელი ბარათით ისჯება. როგორც ჩანს, ~სანის~ ფოტორეპორტიორისა და მაკლიშის გარდა ვერავინ შეამჩნია ეს შემთხვევა, რადგან რეფერის და ლაინსმენს რეაგირება არ მოუხდენიათ: ~საშინელი მსაჯობა იყო. ჯერ ერთი, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული ორი პენალტი პირადად მე ძალიან მაეჭვებს. განსაკუთრებით მეორე შემთხვევა. რაც შეეხება ვან პერსის, ის ნამდვილი არამზადაა. საკუთარი თვალით დავინახე და ფოტოებიც ადასტურებს, რომ მან კუელაარს სახე ლამის ჩაულეწა. თუ არბიტრებმა მართლა ვერ შეხედეს ამ ფაქტს მოედანზე, აგერ მტკიცებულებები. ვან პერსი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, თორემ მისი დანდობა ცუდი პრეცედენტი იქნება. სამწუხაროა, რომ ინგლისში ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს მსაჯებმა, როგორ უნდა წარმართონ თამაში~, - ბრაზობდა შოტლანდიელი მწვრთნელი.

Source: